„მწყემსები უფრო ეფექტურად მუშაობენ ვიდრე ჩვენი საპოლიციო სტრუქტურები“, - ამბობს სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი და თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა".
მისი თქმით, ის, რომ საპოლიციო სტრუქტურის წარმომადგენელები თამარ ბაჩალიაშვილს ეძებდნენ, თუმცა ბოლოს ის მწყემსმა იპოვნა, მათ არაეფექტურ მუშაობაზე მიუთითებს.
„თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ამბავმა კიდევ ერთხელ აჩვენა ჩვენი საპოლიციო სტრუქტურების წარმოუდგენელი არაფექტურობა. 5 დღის მანძილზე საპოლიციო სტრუქტურები ადამიანს ეძებდნენ ავტომობილით, მობილური ტელეფონით, საქართველოს ბარში მაგრამ ვერ იპოვნეს. იპოვნა მწყემსმა, ანუ მწყემსები უფრო ეფექტურად მუშაობენ ვიდრე ჩვენი საპოლიციო სტრუქტურები“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან. მან თხოვნით „ემპათიის“ ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.